ავტორიზაცია

"მგონია, მაგრად იმუშავებს" - ნუკრი რევიშვილი არველაძის კრასნოდარში შესაძლო დანიშვნაზე

"მგონია, მაგრად იმუშავებს" - ნუკრი რევიშვილი არველაძის კრასნოდარში შესაძლო დანიშვნაზე
თარიღი 18 Nov 2021, 14:37

ბოლო პერიოდში რუსეთის ერთ-ერთი სახელოვანი გუნდის, კრასნოდარის სახელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე დაუკავშირეს.

GOAL.GE რუსეთში კარგი სახელის მქონე ვეტერან ფეხბურთელს და დღეისთვის საფეხბურთო მენეჯერ ნუკრი რევიშვილს დაუკავშირდა, რათა გვეკითხა მისთვის აზრი, რამდენად კარგი ნაზავი იქნება შოთა არველაძისა და კრასნოდარის მუშაობა.

"არველაძის მიმართ კრასნოდარის დაინტერესება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო. ახლა არ ვიცი, რა სიტუაციაა, თუმცა ადრე სურვილი იყო უდიდესი. 

კრასნოდარი რუსეთის ჩემპიონატში ძალიან კარგი, შემტევი სტილით თამაშობს. ის, რაც შოთას უყვარს. ფეხბურთელებიც ისეთი დონის ჰყავს, მგონია, კარგად იმუშავებს ამ გუნდში.

პირადად მე, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ შოთა არველაძე კრასნოდარის მწვრთნელი გახდება. მათ პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს. 

კრასნოდარს ყოველწელს სურს, ჩემპიონი გახდეს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშოს, თუმცა პრობლემები აქვთ და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მწვრთნელია, რის გამოც ეძებენ მაღალი დონის, სახელოვან მწვრთნელს. კრასნოდარისთვის შოთა იდეალური ვარიანტი იქნება.

გამიხარდება, თუ ხალხი არ დაიწყებს, რუსეთში რატო უნდა წავიდესო. შეიძლება, მაგის გამო თავი შეიკავოს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ," - განაცხადა ნუკრი რევიშვილმა GOAL.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი რევიშვილი კარიერის განმავლობაში ბევრ რუსულ გუნდში გამოდიოდა. ჯამში, ამ ქვეყანაში, როგორც ფეხბურთელმა 10 წელზე მეტი გაატარა.

რაც შეეხება შოთა არველაძეს, კრასნოდარის გარდა მას ჰალ სიტის უკავშირებენ. მისი ბოლო სამუშაო ადგილი უზბეკური ტაშკენტის ფახთაქორი იყო.