ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს კომპენსაციის სახით გადაუხდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ოლე-გუნარ სოლსკიაერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებს.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Times იტყობინება, მანიკუნიანელებს ამის შემდეგ 48 წლის ნორვეგიელი სპეციალისტისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 7,5 მილიონ ფუნტზე, რომელსაც სოლსკიაერი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის მიიღებს.
სოლსკიაერის კონტრაქტში ერთი საკმაოდ საინტერესო პუნქტია გათვალისწინებული - ანაზღაურებას მხოლოდ ერთი სეზონის ხელფასი ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვლილი.
მოგეხსენებათ, "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის მე-12 ტურში სტუმრად "უოტფორდთან" 1:4 განადგურდნენ, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.