ავტორიზაცია

"ნაკრები არაა სამედიცინო ცენტრი, სადაც ფორმას აღიდგენენ" - ხიზანიშვილი გიორგი ჩაკვეტაძეზე

"ნაკრები არაა სამედიცინო ცენტრი, სადაც ფორმას აღიდგენენ" - ხიზანიშვილი გიორგი ჩაკვეტაძეზე
თარიღი 21 Nov 2021, 17:55

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ხიზანიშვილს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ჰკითხეს, რამდენად საჭირო მოთამაშეა საქართველოს ნაკრებისთვის გენტის 22 წლის ნახევარმცველი.

"გიორგი ჩაკვეტაძე არის ძალიან ჭკვიანი და ამავდროულად, სწრაფი ფეხბურთელი. წინა თვის შეკრებაზე, ის ვარჯიშის შემდეგ გიორბელიძეს შეეჯიბრა 50-მეტრიან სპრინტში და გაასწრო კიდევაც, ამის ვიდეო სოციალურ ქსელში საფეხბურთო გვერდებზეც დაიდო.

ჩაკვეტაძე ყოველთვის გვჭირდება და მისი ადგილი ნაკრებში სულ იქნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, ის ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ფორმაში.

მოდი, ასე ვთქვათ, ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის, რომ ვიღაცამ აქ ფორმა აკრიბოს. ფორმა უნდა აიკრიბოს ვარჯიშებზე და ჩაკვეტაძე როგორც კი შევა ფორმაში, მისი ადგილი სულ მოიძებნება ნაკრებში," - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა "ტაიმაუტში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ შეკრებაზე გიორგი ჩაკვეტაძემ შვედეთთან ვერმიღებული სათამაშო წუთების შემდეგ ნაკრები დატოვა. მიზეზად ვილი სანიოლმა მუხლი დაასახელა, თუმცა მანამდე თქვა, რომ შვედეთთან 22 წლის ნახევარმცველმა თამაში ვერ დაიმსახურა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 5 გოლი და 3 საგოლე პასია.