ავტორიზაცია

მოგებით დაწყებული შესარჩევი ეტაპი - საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში უკრაინა დაამარცხა

მოგებით დაწყებული შესარჩევი ეტაპი - საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში უკრაინა დაამარცხა
თარიღი 26 ნოე 2021, 21:13

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა და უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა, რომელიც 88:83 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი დაიწყო ილიას ზუროსის გუნდის უპირატესობით და მთავარი მოქმედი პირი თად მაკფადენი იყო, რომელმაც ხუთი სამქულიანი ჩააგდო. ჩვენებმა პირველი მეოთხედი 28:24 მოიგეს.

მეორე ათწუთეულში დომინირებდა უკრაინა. მეოთხედის სტარტზე სტუმრებმა გაქცევა მოაწყვეს და შვიდი ქულით დაწინაურდნენ. საქართველომ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი, რომელშიც ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, 45-46 წააგო.

მესამე მეოთხედის სტარტი ისევ სტუმრების იყო, უკრაინა ექვსი ქულით დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრები თამაშში მალევე დაბრუნდა. მესამე პერიოდის დასკვნითი წუთები ქულა ქულაში წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, ზუროსის გუნდს მეტოქეზე 2-ით ნაკლები ქულა ჰქონდა ჩაგდებული - 64:66.

მეოთხე მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პერიოდის სტარტზე უკრაინა წინ 5 ქულით გაიჭრა, მაგრამ საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და ლიდერობა დაიბრუნა. ზუროსის შეგირდები თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 6 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.