ავტორიზაცია

სავარაუდო სია და ფეხბურთელები ვისი დამატებაც დინამო თბილისს ზამთარში სურს

სავარაუდო სია და ფეხბურთელები ვისი დამატებაც დინამო თბილისს ზამთარში სურს
თარიღი 01 Dec 2021, 19:44

დინამო თბილისში სეზონის დასრულების შემდეგ დიდი სატრანსფერო ცვლილებები იგეგმება. 

GOAL.GE-სთვის ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთა დამატებასაც ახალი სეზონისთვის დინამო თბილისი ეცდება.

კახა ცხადაძეს საკუთარ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ხილვა სურს. იგი ამჟამად ბრატისლავის სლოვანში თამაშობს, სადაც ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წაიყვანა. ეს ტრანსფერი ამ მომენტისთვის ყველაზე რთულად განსახორციელებლად მოსჩანს, თუმცა რეალურია, თუ ვლადიმირ ვაისი სლოვაკურ კლუბს დატოვებს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია სატრანსფერო მიზნებშია დავით ვოლკოვი, რომელიც ამ მომენტში აზერბაიჯანული ზირას რიგებშია და ჩემპიონატის ბომბარდირია 9 გატანილი ბურთით. 26 წლის ფორვარდს ნოემბერში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახება ჰქონდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, სადებიუტო გოლიც გაიტანა ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიას მსგავსად, მისი დამატებისთვისაც დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს დინამო თბილისს, რადგან ბოლო კარგი თამაშების შემდეგ, ვოლკოვისადმი ინტერესი ევროპულ კლუბებშიც გაიზარდა.

ფორვარდი, რომელიც კახა ცხადაძეს დინამოში სურს არის ანორთოსისის შემტევი ნიკა კაჭარავა. ამ შემთხვევაში, იმედები ბევრად რეალისტურია. 27 წლის ფეხბურთელს კლუბში თემურ ქეცბაიასთან სიტუაცია აერია და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, დინამო თბილისს საკუთარ შემადგენლობაში ლაშა პარუნაშვილის დაბრუნება სურს. ეს უკანასკნელი 2014-17 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი დანიურ ესბიერგში გადავიდა და დღემდე ამ გუნდშია. ესბიერგი დანიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 28 წლის ჩამშლელსაც კონტრაქტი ამ გუნდში 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

და ბოლოს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დინამო თბილისს სურს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველით, ბექა დარცმელიათი გაძლიერდეს, რომელიც წლების წინ ამ კლუბში გამოდიოდა, ახლა კი თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავს.

როგორც უკვე გაცნობეთ, დინამო თბილისს ძალიან მალე რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ შორის, კლუბმა ჯანო ანანიძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა.

დინამო თბილისმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სუპერთასი მოიგო. გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე გავიდა, თასიდან კი 1/8 ფინალში ქობულეთის შუქურამ გამოაგდო. დედაქალაქურმა გუნდმა წელს 4-ჯერ ითამაშა ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ და ვერცერთხელ მოუგო: 3 წაგება და 1 ფრე.