ავტორიზაცია

დემბელე ერთს ამბობს, აგენტი კი მეორეს აკეთებს — რას ფიქრობენ ბარსელონაში?

დემბელე ერთს ამბობს, აგენტი კი მეორეს აკეთებს — რას ფიქრობენ ბარსელონაში?
თარიღი 04 დეკ 2021, 14:44

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ მორიგი ინგლისური კლუბის ყურადღება მიიპყრო.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ფრანგთან კონტრაქტის გაფორმებით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ დემბელემ აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და "ნიუკასლისგან" მიიღო შეთავაზებები.

"დეზების" დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, რომელიც "იუვენტუსში" მუშაობდა, დემბელეს იტალიურ კლუბში გადაბირება უნდოდა. ახლა კი, მას ლონდონელთა შემადგენლობის გაძლიერება სურს, რათა ანტონიო კონტეს გუნდმა ტიტულებისთვის იბრძოლოს.

"ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან და გუნდის მთავარ მწვრთნელ ხავისთან პირად საუბარში უსმანი კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ეს სიტყვები მისი აგენტის ქმედებებით გამყარებული არ არის.

"ბარსაში" ფიქრობენ, რომ აგენტი 1 იანვრამდე წელავს დროს, როცა დემბელეს ნებისმიერ სხვა კლუბთან მოლაპარაკებების თავისუფლად გამართვის შესაძლებლობა ექნება. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად ტრავმების გამო მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.