ავტორიზაცია

"ჯოვინოთი, ჩაბრაძითა და აზაროვით არაერთი უცხოური კლუბი ინტერესდება", - დინამო ბათუმის პრეზიდენტი

"ჯოვინოთი, ჩაბრაძითა და აზაროვით არაერთი უცხოური კლუბი ინტერესდება", - დინამო ბათუმის პრეზიდენტი
თარიღი 06 Dec 2021, 10:30

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გადაცემა "ტაიმაუტში" თავისი კლუბის ფეხბურთელების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. საუბარია ჯოვინო ფლამარიონზე, გრიგოლ ჩაბრაძესა და ირაკლი აზაროვზე.

"ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება – თემას არ დავაკონკრეტებ. კლუბის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ფეხბურთელები უცხოეთის რომელიმე წარმატებულ კლუბში რაც შეიძლება მეტად გაყიდოს, მაგრამ, დამიჯერეთ, დინამო ბათუმის ამოცანა დღეს ეს არ არის.

ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს კლუბს ესაჭიროება და ვფიქრობთ, რომ გამოგვადგება, შევინარჩუნოთ და უფრო გავძლიერდეთ, რომ რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.

ძალიან ბევრი წინადადებაა როგორც ჯოვინო ფლამარიონზე ასევე გრიგოლ ჩაბრაძეზე. ყველანაირად ვცდილობთ, აზაროვი შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, ეს გამოგვივა – ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირებამდე მაინც.

კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. მთავარია, ეს გუნდის დასუსტების ხარჯზე არ მოხდეს. ის თანხებიც, რაც ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოვა, ისევ კლუბის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს და სხვა მიმართულებით არ უნდა წავიდეს".

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულები თავიანთ ისტორიაში პირველად სწორედ აჭარლები გახდნენ. ზღვისპირელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზეც ითამაშებენ.

"პირობას ვდებ, ჩვენ ვითამაშებთ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე" - ბათუმის დინამოს პრეზიდენტი