ჩემპიონთა ლიგა: დასკვნითი დღე - ბარსელონას შეუსრულებელი მისია ბოლო წლების ყველაზე კოშმარულ მეტოქესთან
დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 21:45 და 23:55 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩები. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ შეხვედრების დაწყების წინ.
E ჯგუფი
ბაიერნი-ბარსელონა 23:55
ბენფიკა-დინამო კიევი 23:55
შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება არის ბოლო ტურის ცენტრალური დაპირისპირება. მიუნხელებს აღნიშნული შეხვედრა არაფერს უწყვიტავს, კატალონიელებს კი პირიქით, გამარჯვება ჰაერივით არის საჭირო. რთული სათქმელია, თუ რამდენად მიიღებს "ბლაუგრანა" სასურველ შედეგს.
"რეკორდმაისტერის" პირველი ადგილით მერვედფინალში გასვლის მიუხედავად, იულიან ნაგელსმანი სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ მისი გუნდი მოედანზე გავა მოსაგებად, შემადგენლობა კი უძლიერესი იქნება. ეს არის "ბავარიას" არსი, უმოტივაციო თამაშები ამ გუნდისთვის უბრალოდ არ არსებობს.
პარალელურად კი "ბენფიკა" ბოლო ადგილისთვის განწირულ "დინამოს" მიიღებს. "ლურჯ-ბროწეულისფრების" მარცხისა და "არწივების" მოგების შემთხვევაში, 1/8 ფინალში გადიან პორტუგალიელები (8:7), მეტიც, ქულების თანაბარი რაოდენობის (7:7) შემთხვევაშიც კი მოხდება იგივე რამ, რადგან "კამპ ნოუს" ბინადრები ურთიერთშეხვედრებით ჩამოუვარდებიან თავიანთ მთავარ კონკურენტს.
F ჯგუფი
მანჩესტერი-იანგ ბოიზი 23:55
ატალანტა-ვილიარეალი 23:55
"მანჩესტერს" პირველი ადგილი აქვს გარანტირებული, რაც ძალების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. "იანგ ბოიზი" ინარჩუნებს მერვედფინალში გასვლის უმცირესს თეორიულ შანსს, მაგრამ მთავარი ბრძოლა მაინც "ატალანტასა" და "ვილიარეალს" შორის დატრიალდება. ვალენსიელები არიან ერთი ქულით წინ, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქალღმერთს" მოგება სჭირდება.
G ჯგუფი
ზალცბურგი-სევილია 23:55
ვოლფსბურგი-ლილი 23:55
ჯგუფი, რომელშიც გარკვეული არაფერია. პირველიდან ბოლო ადგილამდე სხვაობა არის სულ რაღაც სამი ქულა, გუნდები კი გადანაწილებულები არიან შემდეგნაირად: "ლილი" (8), "ზალცბურგი" (7), "სევილია" (6), "ვოლფსბურგი" (5). ვნახოთ, რომელი გუნდები გამოვლენ გამარჯვებულები ამ თანაბარ ბრძოლაში.
H ჯგუფი
ზენიტი-ჩელსი 21:45
იუვენტუსი-მალმიო 21:45
ჯგუფი, რომელშიც გასარკვევი არის მხოლოდ ერთი რამ - ვინ დაასრულებს ბრძოლას პირველ ადგილზე, "ჩელსი" თუ "იუვენტუსი". იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები მოუგებენ "ზენიტს", გასარკვევიც არაფერი დარჩება. რაც შეეხება მე-3 ადგილს, ევროპა ლიგაზე ბრძოლას სწორედ სანქტ-პეტერბურგელები გააგრძელებენ.