ავტორიზაცია

"კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც მიმუშავია!" - ვლადიმირ ვაისმა ხმამაღლა ილაპარაკა

"კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც მიმუშავია!" - ვლადიმირ ვაისმა ხმამაღლა ილაპარაკა
თარიღი 08 დეკ 2021, 14:00

სლოვაკური სლოვანის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდში მყოფი ქართველი ფეხბურთელები, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია შეაქო.

57 წლის სპეციალისტის აზრით, ჯაბა კანკავა არის მიდგომის და პროფესიონალიზმის მხრივ საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე უმუშავია და აღიარა, რომ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

"გურამ კაშიას კოვიდი აქვს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, ის კოპენჰაგენთან მატჩისთვის გამოჯანმრთელდება. როდესაც ის თამაშობს, დაცვაში გვაკლია ხარისხი, ამას ყველა დაინახავს. მისი გამოცდილება და მონდომება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მაგალითს მოგიყვანთ: საზღვარგარეთ როცა თამაშობ, პატივისცემა უნდა მოიპოვო იმ მიდგომით, როგორიც გურამს და ჯაბა კანკავას საქმისადმი აქვთ. ჯაბა ვარჯიშზე ან თამაშზე საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ის თამაშით ამბობს მის სათქმელს. 35 წლისაა, 1 კვირის წინ დედა გარდაეცვალა, მაგრამ სამაგალითო მიდგომა გამოავლინა მატჩისა და მისი საქმის მიმართ. ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. სხვები რომ ახლოს იყვნენ მასთან, საქმე გუნდში სულ სხვაგვარად იქნებოდა. იგივეს ვიტყვი გურამ კაშიასა და იორი დე კამპსზე, რომელიც ახლა ტრავმირებულია," - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

სლოვაკი სპეციალისტი ძალიან უკმაყოფილოა გუნდში ამჟამინდელი სიტუაციით და შესაძლოა, იგი სლოვანიდან წავიდეს, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.

"ჩვენ, მწვრთნელებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელებს 4-წლიანი კონტრაქტები აქვთ და ხელშეუხებლები არიან. ეს არ არის ნორმალური და უმეტეს კლუბში ასეა. კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და ან საქმე ისე გაკეთედება, როგორც მე მინდა, ან დავშორდებით. სლოვანში ბევრი ლეგიონერია და ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იციან როგორ კლუბში არიან, არ იცნობენ კლუბის ისტორიას. ეს უნდა გააცნობიერონ, თუ ამას არ გააკეთებენ, წასვლა მოუწევთ. მე არ უნდა გავაკეთო ის, რაც მათ სურთ. ის რომ გამეკეთებინა, საქართველოში ან ყაზახეთში, რასაც აქ ზოგი ბედავს, 15 წუთში სახლში ვიქნებოდი," - ციტირებს sport.aktuality.sk ვლადიმირ ვაისის სიტყვებს.

ვლადიმირ ვაისი წლების შემდეგ სლოვანში 2021 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, ზაფხულში კი კლუბში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია წაიყვანა. გუნდი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა.