ბაიერნმა და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

მიუნხენის "ბაიერნმა" და ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განახორციელონ ბარტერი, ანუ ერთმანეთის ფეხბურთელების გაცვლა.
მარჯვენა მცველი ბენჯამინ პავარი შესაძლოა ტურინში წავიდეს, ნახევარმცველი არტურ მელო კი მიუნხენში, ამის შესახებ იუწყება Tutto Juve, Abendzeitung-ზე დაყრდნობით.
მხარეებმა შეიძლება მოლაპარაკება მოახდინონ იმის გამო, რომ "ბაიერნი" არც თუ ისე კმაყოფილია პავარის სათამაშო ფორმით და სურს მოედნის ცენტრის გაძლიერება.
ბენჟამინი მოსწონს "იუვეს" მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის, რომელიც თავის მხრივ არტურს არც თუ ისე ხშირად იყენებს ამ სეზონში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" შესაძლოა არტური იჯარით გაუშვას.
შეგახსენებთ, არტური ადრე "ბარსელონაში" თამაშობდა, იტალიურმა კლუბმა ის მირალემ პიანიჩზე გაცვალა. პავარი კი "ბაიერნში" გადასვლამდე "შტუტგარტში" თამაშობდა.