5 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბათუმის ან თბილისის დინამომ აუცილებლად უნდა დაიმატოს
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენს ჩემპიონატში სატრანსფერო ციებ-ცხელება დაწყებულია.
GOAL.GE გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელთა დამატებაზეც საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის დინამომ ან ვიცე-ჩემპიონმა თბილისის დინამომ აუცილებლად უნდა იზრუნონ, თუ მათ მომდევნო სეზონში სურთ რაიმე სახის პრეტენზია ჰქონდეთ ევროსარბიელზე თამაშის დროს.
ნიკა ნინუა
დინამო თბილისი 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 2020 წლის ზაფხულში 850,000 ევროს სანაცვლოდ დატოვა, თუმცა მას შემდეგ ბერძნულ პაოკში ფეხი ვერ მოიკიდა, წელს კვიპროსულ ანორთოსისში იჯარით გაუშვეს და იქაც, თემურ ქეცბაიამ მონდომების გამო გააკრიტიკა და ახლა კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა.
ნიკა ნინუა ახლა იმ ასაკშია, როცა სათამაშო პრაქტიკა ყველაზე მეტად სჭირდება და გვახსოვს, თუ რა მაგრად თამაშობდა დინამო თბილისის ცენტრში 2019 წლის საჩემპიონო სეზონში ახალგაზრდა მოთამაშე. შესაბამისად, თავად ნინუაც არ უნდა იყოს წინააღმდეგი, კიდევ ერთხელ სცადოს ფორმის ხელახლა აკრეფვა საქართველოს ჩემპიონატში, თუ მას მართლაც სურს მოედანზე დიდი დროის გატარება.
ნიკა კაჭარავა
99%-ით გადაწყვეტილია, რომ 2022 წლის იანვარში ანორთოსისს საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა დატოვებს. გასულ სეზონში ლეხ პოზნანში ფეხის მოტეხვამ ტანმაღალ ფორვარდზე ცუდი გავლენა იქონია, თუმცა აქ კვიპროსული კლუბიდან წასვლის მთავარი მიზეზი ეს არ იქნება. გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ნიკა კაჭარავას დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც რამდენიმე მატჩით 27 წლის შემტევი განაცხადშიც ვერ ხვდებოდა.
მიმდინარე სეზონში ანორთოსისის მაისურით 11-ჯერ ითამაშა კაჭარავამ, ერთხელ გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ბოლოს, როცა ნიკა კაჭარავა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, ცხინვალის მაისურით 27 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
გიორგი პაპუნაშვილი
26 წლის ქართველი ნახევარმცველის აგენტებმა დაადასტურეს, რომ 2022 წლის იანვარში გიორგი პაპუნაშვილი აუცილებლად დატოვებს კვიპროსულ აპოლონს, სადაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრაში, 96 წუთით მიიღო მონაწილეობა! კვიპროსის ჩემპიონატში კი მოედანზე წუთითაც არ გამოსულა.
გიორგი პაპუნაშვილი აპოლონს 2021 წლის იანვარში ესპანური სარაგოსადან შეუერთდა, თავიდან თამაშობდა კიდეც, თუმცა დროთა განმავლობაში მისი პერიოდი მოედანზე უფრო მცირდებოდა.
გიორგი პაპუნაშვილი მარჯვენა ნახევარმცველია, სწორედ ამ პოზიციაზე ეძებს ბათუმის დინამო ფეხბურთელს და თანაც, გია გეგუჩაძეს ამ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება დინამო თბილისიდან აქვს.
ლაშა დვალი
მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ცაცია ცენტრალურ მცველს ფერენცვაროშთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, დიდი ალბათობაა იმის, რომ იანვარში მან გუნდი დატოვოს, რადგან კლუბმა ის ჯერ კიდევ სეზონის წინ ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატში მხოლოდ 31 წუთით ათამაშეს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ბათუმის დინამოს მიზანი მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველის დამატებაა. თუ გუნდის მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშია, ლაშა დვალის დონის მოთამაშით აუცილებლად უნდა გააძლიერონ გუნდი, თანაც, თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელის სიტუაციას კლუბში.
ბუდუ ზივზივაძე
ფეხბურთელი, რომელიც ორივე დინამოს - ბათუმელთა თუ თბილისელთა მთავარი სამიზნე უნდა იყოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. 27 წლის თავდამსხმელის სათამაშო დრო ფეჰერვარში საგრძნობლად შემცირდა, ზივზივაძის კონტრაქტი კი კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ძნელად წარმოსადგენია, გახანგრძლივდეს თავიდან.
ბუდუ ზივზივაძე ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2019 წელს თამაშობდა, სწორედ ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა უნგრულ მეზოკოვეშდში. ფეხბურთელი 2018 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 11 შეხვედრაში მიიღო ფეჰერვარის მაისურით მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
2022 წლის ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ბათუმის დინამო წარმოადგენს, ხოლო კონფერენს ლიგაზე ჩვენი ქვეყნის სახელით თბილისის დინამო, გორის დილა და საბურთალო იასპარეზებენ.