ავტორიზაცია

ახალი დეტალები — ცნობილია მიზეზი, რის გამოც არსენალმა ობამეიანგს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა

ახალი დეტალები — ცნობილია მიზეზი, რის გამოც არსენალმა ობამეიანგს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა
თარიღი 15 Dec 2021, 11:17

ცნობილი გახდა "არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასა და თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები.

მოგეხსენებათ, გაბონელი პრემიერ ლიგის ეგიდით "საუთჰემპტონთან" მატჩის წინ გუნდიდან მოკვეთეს, გუშინ კი კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს.

"ევერტონთან" (1:2) მატჩის შემდეგ ობამეიანგმა საფრანგეთში გაშვება ითხოვა, რათა დედამისი მოენახულებინა და ინგლისში წამოეყვანა. წლის დასაწყისში "მეთოფეებმა" გაბონელი დედამისთან ერთხელ უკვე გაუშვეს, რომელიც მძიმედაა ავად.

ამჯერად ობამეიანგს ოთხშაბათს საფრანგეთში გამგზავრების უფლება იმ პირობით მიეცა, რომ იმავე ღამეს დაბრუნდებოდა და ხუთშაბათს ივარჯიშებდა.

თუმცა, პიერ-ემერიკმა ეს არ გააკეთა - ინგლისში დილაადარიან ჩავიდა. როგორც The Athletic-ის წყაროები აღნიშნავენ, ობამეიანგმა ვარჯიშზე მისვლა მოასწრო, მაგრამ კლუბში ჩათვალეს, რომ შეთანხმება მაინც დაარღვია.

სიტუაცია იმით გართულდა, რომ ობამეიანგი მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ PCR ტესტის უარყოფით პასუხს მიიღებდა, რაც არ გააკეთა. 32 წლის გაბონელის ჩათვალა, საფრანგეთში გაკეთებული ტესტი ვარჯიშის გასანახლებლად საკმარისი იქნებოდა.

კლუბში მიაჩნიათ, რომ ობამეიანგს შეთანხმების პირობები მკაფიოდ აუხსნეს, მაგრამ ფეხბურთელმა ისინი ვერ შეასრულა.