ავტორიზაცია

"კოპენჰაგენში ყოფნისას ამ მომენტს გამოვარჩევდი" - დავით ხოჭოლავას ვრცელი ინტერვიუ

"კოპენჰაგენში ყოფნისას ამ მომენტს გამოვარჩევდი" - დავით ხოჭოლავას ვრცელი ინტერვიუ
თარიღი 21 დეკ 2021, 20:43

დანიური კოპენჰაგენის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს პირველი წრის დასრულების შემდეგ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველის განცხადებით, მოხარულია, რომ დანიურ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"დრო სწრაფად გადის, 6 თვეში კარგი სამუშაო გავწიეთ. შესაცვლელი გვაქვს ვითარება სუპერლიგაში, მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ 6 თვე წინ გვაქვს. საბოლოო ჯამში, დიდებული პირველი წრე იყო.

ყოველთვის ვამბობ, რომ არ მსურს საკუთარი თავი შევაფასო, ჩემი პირადი მიღწევები, მაგრამ 6 თვე გავიდა, ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს და კონფერენს ლიგაზეც პლეი-ოფში ვართ. ანუ, პირადად ჩემთვისაც კარგი იყო, ბევრი გოლიც არ გაგვიშვია.

ყველამ იცის, რომ ჩემსა და კოპენჰაგენს შორის ტრანსფერის ორმხრივი ინტერესი იყო. ვიცოდი, რომ ამ გუნდებს გასაოცარი ფანები ჰყავს, თუმცა როცა ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე, უფრო განსაკუთრებული იყო. განსაკუთრებით, დერბიში ბრონდბიუს წინააღმდეგ. 6 თვის შემდეგ მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ შემიძლია გამოვყო 1 კარგი რამ, საწყის პერიოდში კოპენჰაგენში ყველაფერი მომწონს.

დანიის სუპერლიგა კარგი ჩემპიონატია. ჩემი აზრით, შიდა ლიგაში საუკეთესო გუნდი ვართ, თუმცა ყოველკვირეულად გვჭირდება განვითარება, რათა დავამტკიცოთ, რომ პირველები ვართ.

მინდა კლუბში ყველას მადლობა ვუთხრა: ხელმძღვანელებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, რადგან პირველივე დღიდან ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები და მეც მჭირდებიან, არ დამჭირვებია დრო ადაპტაციისთვის, აქ ოჯახში ვარ. 

პირველ წრეში აქ მართლა ბევრი კარგი თამაში მქონდა. პირველი, რაც მსურს არის ის, რომ დავეხმარო ახალგაზრდა თანაგუნდელებს და ზოგადად კლუბში ასეა, უფროსები სულ ცდილობენ კომუნიკაციას დამწყებებთან, რადგან მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ შეცვლის სიტუაციას. 

საწყის 6 თვეში ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ თუ მეკითხებით ერთ საუკეთესოს, აუცილებლად ავირჩევ გოლის ეპიზოდს, როცა ბრონდბიუს გავუტანე, რადგან აქ მოსვლის დღიდან ყველა ამ მატჩის მნიშვნელობაზე მესაუბრებოდა, ბევრ ვიდეოს მაჩვენებდნენ იუთუბზე, იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გავიტან კოპენჰაგენისთვის," - განაცხადა დავით ხოჭოლავამ.

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენის მაისურით 26-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.