"მიჭირს იმაზე საუბარი, რომ ეს დღე დაგდა" - ლოკომოტივს მცველი ემოციურად დაემშვიდობა
საქართველოს მთავრობის მიერ გემბლინგ კომპანიებთან მიმართებით ახალი შეზღუდვების გამო თბილისის ლოკომოტივია ის გუნდი, რომელიც ფაქტობრივად, დაიშალა.
დედაქალაქური კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა და 14-მა ფეხბურთელმა, რომლის შესახებაც GOAL.GE-მ გაცნობათ.
გუშინდელი დღესავით მახსოვს 2008 წელი, როდესაც პირველად ჩავიცვი ლოკომოტივის ფორმა - 27 ნომრით, რომელიც სიმბოლურიც კი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ამ დროის განმავლობაში ერთად გვიწევდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდების გადალახვა. იყო ბევრი სიხარული, ემოცია, გამარჯვება, ასევე მარცხი და იმედგაცრუება.
ლოკომოტივი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება, რადგან ეს არის ოჯახი, რომელშიც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი წვლილის შეტანას.
დღეს კი, ჩემს საფეხბურთო კარიერიაში მძიმე დღეა. ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი რომ დადგა დრო, როდესაც მიწევს გუნდის დატოვება იმ რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახლა დგას იგი.
მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, დირექციას და სამწვრთნელო ჯგუფს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და რაღათქმაუნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდელებს, ბიჭებს - რომლებთან ერთადაც გამორჩეული მოგონებები მაკავშირებს არამარტო სტადიონზე, არამედ სტადიონის მიღმა. წარმატებებს გისურვებთ!" - ეს გიორგი გაბაძის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის გენერალური სპონსორი 2021 წელს კროკობეთი იყო. გემბლინგ კომპანიებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი ახალი შეზღუდვების გამო სპორტში ფულს აღარ ჩადებენ.