"ჩაკვეტაძე გენტის შავ სიაშია", - ბელგიური პრესა ქართველი ნახევარმცველის გაყიდვას აანონსებს
Voetbalnieuws-ის ცნობით, "გენტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობება. წამსვლელებს შორის არის ბელგიური გუნდის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე.
"გენტმა ზაფხულში მბოიო დაიმატა, თუმცა მან შესაძლოა გუნდი უკვე ახლა დატოვოს. ეს არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ბელგიური კლუბი უარს ამბობს.
ჩაკვეტაძე, დე ბრუინი და ბოტაკა დიდი ალბათობით აგრეთვე წავლენ. ალექსანდრი და ჯორდანი გადაყვანილები არიან სარეზერვო გუნდში, ისინი მთავარ გუნდთან ერთად არც ვარჯიშობენ.
რაც შეეხება გიორგის, მან ვანჰეზებრუკის დარწმუნება ვერ მოახერხა. დიდი ხნის განმავლობაში მას დიდ ტალანტად თვლიდნენ, მაგრამ ბევრი ტრავმის გამო მან სტაგნაცია განიცადა", - წერს ბელგიური პრესა.
ქართველი გამთამაშებელი "ლურჯების" შემადგენლობაში უკანასკნელად გამოჩნდა 9 დეკემბერს, კონფერენს ლიგაზე, ტალინის "ფლორასთან". იმის შემდეგ, "ბუფალოების" 10-იანს არ უთამაშია.