ბარსელონამ მორატასთან უკვე შეთანხმებასაც მიაღწია - რჩება ერთი დეტალი
"ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ახლა ტურინის "იუვენტუსში" განათხოვრების წესით თამაშობს.
როგორც Catalunya Radio "ბარსას" წყაროებზე დაყრდნობით წერს, ესპანელის ზამთარში გადასვლა არ არის გამორიცხული. რამდენიმე კვირის წინ, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მორატას გარემოცვას, რათა გარიგების შესაძლებლობა გამოეკითხათ.
"ბარსელონამ" მორატასთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. ალვაროს ტრანსფერთან დაკავშირებით "ლურჯ-ბროწეულისფრები" "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ.
საუბრისას გაირკვა, რომ იტალიური კლუბი ღიაა მოლაპარაკებებისთვის. მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან "ატლეტიკოსთან" და ეს ტრანსფერის ერთადერთი დაბრკოლებაა.
"ბარსას" წყაროები ამბობენ, რომ "ატლეტიკო" ჯერ არ არის ღია გარიგებისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ანტუან გრიზმანი იჯარით მადრიდულ კლუბშია, შესაძლოა ხელისშემწყობი ფაქტორი იყოს.
"ბარსა" მზადაა ფორვარდი მემფის დეპაი "იუვენტუსს" მიჰყიდოს. ის არ არის ჩაშენებული კლუბის თამაშში ხავის მეთაურობით და მისი წასვლა "ბარსას" სახელფასო ანაზღაურებას შეუმსუბუქებს და ახალწვეულების რეგისტრაციაში დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა "იუვენტუსის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.