Sherdog-მა ჭიკაძე და თოფურია გამოარჩია: "იანვრის 10 ბრძოლა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ"

Sherdog.com-მა UFC-ის იანვარში ჩანიშნულ ბრძოლებზე ისაუბრა და ის ჩხუბები გამოარჩია, რომლებიც მაყურებელს არ უნდა გამორჩეს. სიაში არის გიგა ჭიკაძისა და ილია თოფურიას მოახლოებული ბრძოლებიც.
"კატარი აღზევების გზაზე მყოფ ჭიკაძეს დამაინტრიგებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება. კელვინს UFC-ში ექვსი მოგება და სამი წაგება აქვს, მაგრამ თითქმის ერთი წლის წინ, ჰოლოუეისთან განცდილი წაგების შემდეგ, ოქტაგონზე ის არ გასულა.
გიგას ზედიზედ ცხრა გამარჯვება აქვს და სატიტულო ბრძოლის მისაღებად სვლას განაგრძობს. მან UFC ESPN 30-ის ეგიდით იჩხუბა და ბარბოზა უბრალოდ მიწასთან გაასწორა.
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ორი პერსპექტიული ახალგაზრდა მებრძოლი, რომლებიც კარიერაში არასდროს დამარცხებულან, სამრაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ევლოევი M-1 Global-ის ყოფილი ჩემპიონი არის და მის ანგარიშზე 15 მოგება და არცერთი მარცხია. თოფურიას ბოლო 11-დან 10 გამარჯვება ნოკაუტით, ტექნიკური ნოკაუტით, მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით აქვს მოპოვებული", - წერს Sherdog-ი.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა ჩანიშნულია 15 იანვრისთვის, ზუსტად ერთ კვირაში კი თოფურია ევლოევს დაუპირისპირდება. წარმატებები ქართველ მებრძოლებს.