ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი არსენალია, თუმცა თავად სერბი სულ სხვა კლუბზე ფიქრობს

"ფიორენტინას" ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის მომავალი გაურკვეველი რჩება. The Athletic-ის ცნობით, "არსენალი" 21 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე მუშაობს.
"ფიორენტინა" ფიქრობს, რომ ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში გადასვლას ერიდება. იმ შემთხვევაში, თუ სერბი "ფიორენტინას" ზამთარში დატოვებს, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ "არსენალი" იქნება.
"მეთოფეები" მზად არიან "ფიორენტინას" გადაუხადონ საჭირო თანხა, ასევე დააკმაყოფილონ ვლაჰოვიჩის სახელფასო მოთხოვნები. თავად ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში" გადასვლათ არის დაინტერესებული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალმა" 55 მილიონი ევრო და ლუკას ტორეირა შესთავაზა "ფიორენტინას" ახალგაზრდა სერბი თავდამსხმელის სანაცვლოდ.
სერბმა ფორვარდმა "ფიორენტინაში" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში ჩატარებულ 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.