ჩაკვეტაძეს გენტის დატოვება სურს! - ფეხბურთელმა გუნდს თხოვნით მიმართა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს გენტის დატოვება სურს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be ავრცელებს და წერენ, რომ 22 წლის შემტევის წარმომადგენლებმა გენტს ჩაკვეტაძის იჯარით გაშვებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.
გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლიდან თამაშობს, სადაც დინამო თბილისიდან 800,000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2018 წლის დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ახალგაზრდა შემტევის სიტუაცია აირია.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ გენტის მაისურით 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. რამდენიმე კვირის წინ ბუფალოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ქართველ ფეხბურთელს მონდომება და მოტივაცია დაუწუნა.
ბოლო წლებია ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძის ფასი ქვემოთ მიემართება. უახლესი მონაცემებით, 22 წლის ქართველ ნახევარმცველს Transfermarkt 2.3 მილიონ ევროდ აფასებს.