"საქართველოში ჩასვლა მინდა, ჩახოხბილი მიყვარს" - მარადიშვილი რუსეთის ნაკრებში თამაშს აპირებს
მოსკოვის ლოკომოტივის ქართული გვარის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის საინტერესო თემებზეც ისაუბრა.
"ახალწელს ჩვენს სუფრაზე ქართული კერძი უფრო მეტი იყო. დედასაც შეუძლია ქართული კერძების მომზადება, მაგრამ ამჯერად ჩვენთან ერთად არ იყო. ახალ წელს ერთად მამასთან, ძმასა და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად შევხვდი.
ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად ჩახოხბილი მიყვარს. სხვათაშორის, აქამდე ვერ მოვახერხე ჩავსულიყავი საქართველოში. სწორედ ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიამ ძალიან გაართულა ქვეყნებს შორის გადაადგილება, პლუს, თითქმის არ მაქვს თავისუფალი დრო. იმედია, უახლოეს მომავალში გავემგზავრები, ძალიან მინდა საქართველოში.
ქართული ენა არ ვიცი და ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ვიცოდე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში რუსულად ვსაუბრობთ.
საქართველოს თუ რუსეთის ნაკრები? ადრე ორ ვარიანტს განვიხილავდი - საქართველოს და რუსეთის. მაგრამ არაფერი შევცვალე. ახლა რუსეთში ვთამაშობ, სისტემატურად მიწვევენ ახალგაზრდულში. ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, თუმცა მსურს მადლობა ვუთხრა ყველა ქართველ გულშემატკივარს - მწერენ, მეპატიჟებიან საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ," - განაცხადა კონსტანტინე მარადიშვილმა.
უახლოეს წარსულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს კონსტანტინე მარადიშვილთან და მის მშობელთან ქართული პასპორტის მიღების საკითხზე საუბარი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, უშედეგოდ.