"კვარაცხელია გონს დროულად უნდა მოეგოს", - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს
Euro-football-მა ყაზანის "რუბინის" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას სიახლე მიუძღვნა. ქართველი ვინგერის რუსული კლუბიდან წასვლა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც აქტუალური თემაა.
"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის მსგავსი ფეხბურთელების გაყიდვა რუბინის ხელმძღვანელობისთვის წარმატება იქნება. ეს ტრანსფერები კლუბის ბიუჯეტს სოლიდურად შეავსებს.
მთავარია, რომ ორივე მათგანი მოეგოს გონს - ხვიჩა სეზონის პირველი ნახევრის სუსტად ჩატარების შემდეგ, ილია კი ტრავმის. შესაძლოა, რომ ისინი არ გაიყიდონ ისე ძვირად, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
აღნიშნულმა გარემოებამ ყაზანური კლუბი არ უნდა დააბნიოს, რადგან ქართველი გარემარბი და რუსი მარცხენა მცველი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ მოთხოვნადები არიან", - წერს Euro-football-ი.
უკანასკნელი კლუბი, რომლის სახელი დაუკავშირეს "წითელ-მწვანეების" ფლანგელს იყო "ვულვერჰემპტონი", რომელიც ადამა ტრაორეს წასვლისთვის უკვე ახლა ემზადება.
ესპანელი შემტევის სახელს უკავშირებენ "ბარსელონასა" და "ტოტენჰემს", ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი "უონდერერსი" 21-წლის გარემარბზე გადაერთვება.