ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩმა საკუთარი პირობები წამოაყენა — ტრანსფერი საერთო ჯამში 180 მლნ ევრო დაჯდება

ვლაჰოვიჩმა საკუთარი პირობები წამოაყენა — ტრანსფერი საერთო ჯამში 180 მლნ ევრო დაჯდება
თარიღი 11 იან 2022, 12:44

ლონდონის "არსენალი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდებას სერიოზულად გეგმავს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, "მეთოფეებს" აღნიშნულ ტრანსფერში დაახლოებით 180 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევთ, მაგრამ ეს არ აშინებთ და 21 წლის ფორვარდის დამატებაზე მუშაობას აგრძელებენ.

კონკრეტულად ტრანსფერი მინიმუმ 70 მილიონი ევრო დაჯდება. გარდა ამისა, სერბი 5-წლიან კონტრაქტსა და კვირაში სუფთად დაახლოებით 190-ათასიან ხელფასს ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეულად კლუბს მის ანაზღაურებაში 360 ათასის დახარჯვა მოუწევს, თუ შესაბამის გადასახადებსაც გავითვალისწინებთ.

ამასთანავე, ვლაჰოვიჩით დაინტერესებულ კლუბებს აცნობეს, რომ შეთანხმების შემთხვევაში ფეხბურთელის გარემოცვისთვის 18 მილიონი ევრო იქნება გადასახდელი, რამაც ბევრი ევროპული კლუბი დააფრთხო.

დუშანის "არსენალში" გადასვლის შანსი არსებობს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფორვარდს მიკელ არტეტას მიერ წამოწყებულ სპორტულ პროექტში დარწმუნდება. კლუბი მზად არის ზაფხულში ახალგაზრდა შემტევში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

თავის მხრივ, "ფიორენტინას" ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გაშვება არ უნდა, რადგან აქამდე "იების" გულშემატკივრები ფედერიკო კიეზასა და ფედერიკო ბერნარდესკის ტურინულ გრანდში გადასვლამ ძლიერ გააღიზიანა. ეს ფაქტორი "არსენალის" სასარგებლოდ მოქმედებს.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.