უგუნდოდ მყოფი გრიგალავა შესაძლოა რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს
Спорт-Экспресс-ის ინფორმაციით, ტულის "არსენალის" ყოფილი ცენტრალური მცველი, გია გრიგალავა შესაძლოა რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, ქართველი ამჟამად უგუნდოდ არის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი "მეთოფეებში" თამაშობდა 2017-2021 წლებში და სწორედ აღნიშნული კლუბიდან წასვლის შემდეგ არის ის თავისუფალი აგენტი.
რაც შეეხება 32-წლის ცენტრბექის მსურველს, საუბარია ჩემპიონატის აუტსაიდერის, "ხიმკის" შესახებ, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
გრიგალავას სასარგებლოდ თამაშობს მოსკოველთა მთავარი მწვრთნელის, იგორ ჩერევჩენკოს ფაქტორი, რომელიც ფეხბურთელთან სწორედ "მეზარბაზნეებში" მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ "შავ-წითლების" წარმომადგენლებმა ქართველი მცველის მიმართ ინტერესი არ დაადასტურეს, თუმცა პრესა შესაძლო ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავს.