ავტორიზაცია

წაქცევა, რომელიც ფეხზე წამოდგომას გასწავლის - როგორი იქნება ჭიკაძის შემდეგი ნაბიჯი UFC-ში?

წაქცევა, რომელიც ფეხზე წამოდგომას გასწავლის - როგორი იქნება ჭიკაძის შემდეგი ნაბიჯი UFC-ში?
თარიღი 16 იან 2022, 16:05

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა. ქართველი მებრძოლის გამარჯვებას ვარაუდობდა ბევრი, მათ შორის არაქართველიც, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ბევრის აზრით, ამერიკელი მებრძოლის გამარჯვების შემთხვევაში, ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მიუახლოვდებოდა ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის, რითაც ქამრისთვისაც გაიბრძოლებდა.

"ნინძას" ე.წ. "ქონთენდერობა" გადაიდო, მიზეზი - "ბოსტონელი ფინიშერის" იდაყვები. 33-წლის მებრძოლი რეიტინგში წინ ვერ წაიწევს, თუმცა ცხადია, ის დარჩება 5-ეულის მახლობლად მობინადრე მოჩხუბრად.

ჯერჯერობით უცნობია ჭიკაძის შემდეგი ნაბიჯი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში, თუმცა აქედანვე ჩანს, რომ ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის მას ლანგარზე არავინ მიართმევს.

ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე არ გამოჩნდება. გიგას დასჭირდება ტრავმების მოშუშება, აღდგენითი პროცესი და ბევრი ვარჯიში.

კატართან ბრძოლამ გამოაჩინა "ნინძას" კარდიო პრობლემები და კრეატივის ნაკლებობა, როდესაც მოწინააღმდეგე გჯობნის შენსავე საყვარელით იარაღით, ანუ სტრაიკინგით.

ვინ იცის, 33-წლის მებრძოლს მეტი დრო რომ დაეთმო გრეპლინგისთვის, ამერიკელ მოწინააღმდეგეს რა პრობლემები შეექმნებოდა. ჭიკაძე დიდი ალბათობით სწორედ ამ კომპონენტის დახვეწას შეუდგება.

რაც შეეხება მომავალ სავარაუდო მოწინააღმდეგეებს, ქართველ მებრძოლზე წინ არსებული მეტოქეებიდან შესაძლოა იყოს იაირ როდრიგესი, ჩან სუნ იუნი ("კორეელი ზომბი"), ჯოშ ემეტი, არნოლდ ალენი.

გიგაზე ქვემოთ კი ნებისმიერი ტოპ 15-დან, მათ შორის მოვსარ ევლოევი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ერთი სიტყვით, მეტოქეების დეფიციტი "ნინძას" არ ექნება.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ 33-წლის მებრძოლი აუცილებლად გადახარშავს და გადააგორებს ამ პრობლემებს, დაბრუნდება უფრო ძლიერი და მიზნისკენ სვლას გააგრძელებს. წარმატებები გიგას!