ავტორიზაცია

"სერიოზული პრობლემა იქნება!" - კობიაშვილი გემბლინგ კომპანიების აკრძალვაზე

"სერიოზული პრობლემა იქნება!" - კობიაშვილი გემბლინგ კომპანიების აკრძალვაზე
თარიღი 16 იან 2022, 18:09

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იმედის გადაცემაში "სპორტი იმედზე" სახელმწიფოს მიერ გემბლინგ კომპანიების აკრძალვების შესახებ ისაუბრა.

"ამ ცვლილებებით კლუბებმა საკმაო დარტყმა მიიღეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ და სასპონსორო ხელშეკრულებები იქნება თუ სახელის გაყიდვა, ჯერჯერობით, ძალაში რჩება. რა თქმა უნდა, მათაც რაღაც აკლდებათ და ეს სიტუაციაზე აუცილებლად აისახება. ყველა ვთანხმდებით, რომ რაღაც რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს, სათამაშო ბიზნესს გვერდში დგომა და რაღაც კუთხით დახმარება სჭირდება.

მაგალითისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგაში სახელის გაყიდვა და კლუბების დაფინანსება მიღებული ფორმაა. უეფას ჰქონდა კვლევა, სადაც ბეთინგი სამეულში შედის ყველაზე მსხვილ დამფინანსებელთა შორის. იგივე, უკრაინის ჩემპიონატს ერთ-ერთი ბეთინგ კომპანია აფინანსებს. ეს მიღებული ფორმაა, ჩვეულებრივი მოვლენაა და რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.

ჩვენ სახელმწიფოსგან დაფინანსებაზე უარი ვთქვით, დღეს გვყავს სპონსორი, მაგრამ ხვალ თუ რაღაც შეიცვლება და აღარ გვეყოლება, ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელწიფო დაფინანსება არ გვინდა, გვირჩევნია იყოს სხვა შემოსავალი და თუ ამ რეგულაციებით პრობლემა შეგვექმნება, ცხადია, რომ შეიძლება ისევ ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ მათი დაფინანსება გვჭირდება. თუ სხვა კომპანიებით მოხდება ამის ჩანაცვლება, სიამოვნებით, თუ არადა, რასაკვირველია, პრობლემა შეგვექმნება," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზა 70%-ით გაიზარდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 25 წელზე ქვემოთ არიან, აეკრძალათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.