ავტორიზაცია

"ჩემს წარმატებაში მთავარი როლი მამუკა ჯუღელს აქვს" - ხვიჩა კვარაცხელია

"ჩემს წარმატებაში მთავარი როლი მამუკა ჯუღელს აქვს" - ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 17 Jan 2022, 00:27

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მშობლების შემდეგ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მის საფეხბურთო აგენტს მამუკა ჯუღელს მიუძღვის.

ამის შესახებ 20 წლის ნახევარმცველმა იმედის გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა.

"ჩემს წარმატებაში მთავარი როლი კარიერულად მამუკა ჯუღელს აქვს. რა თქმა უნდა, მშობლები არც განიხილება, ისინი მუდამ ჩემს გვერდით იდგნენ.

ჩემი ოჯახის წევრია, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარია. 13-14 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ. ის მაქცევდა საფეხბურთო ყურადღებას. მარტივ რამეს გეტყვით. აგენტთან როცა მიდიხართ და ის შენი აგენტი ხდება, ყველა ფეხბურთელი კონტრაქტს აწერს ხელს. მე არ ვიცი ერთი მოთამაშეც კი, რომელიც მამუკასთან არის, კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდეს. იმდენად მეგობრული ურთიერთობა და ნდობაა, ეს ჩვენთვის უბრალო ფურცელია.

ბოლო დროს აღარც ვეკითხები რომელიმე გუნდის ინტერესის შესახებ, რადგან ამან ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ვიცი, რომ მამუკა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესოს იზამს," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში იწერებოდა ევროპული გუნდების კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ, თუმცა ქართველი ნახევარმცველი კვლავ რუბინშია. ბოლოს ხვიჩა ინგლისურ ვესტ ჰემს დაუკავშირეს.