ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, თუმცა ფიორენტინა ჯიუტობს - ვლაჰოვიჩი ახალ გუნდს უახლოვდება

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, თუმცა ფიორენტინა ჯიუტობს - ვლაჰოვიჩი ახალ გუნდს უახლოვდება
თარიღი 24 იან 2022, 15:44

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავდამსხმელმა ტურინულ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეათანხმა.

ხელფასი - 7 მილიონი ევრო წელიწადში. ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში "არსენალიც" არის ჩართული, მაგრამ დუშანს ლონდონურ კლუბში გადასვლა არ სურს და იანვარში ის "იუვენტუსში" გადასვლას აპირებს.

თუ ტრანსფერი ზამთარში ჩაიშლება, მაშინ ვლაჰოვიჩს ზაფხულში "იუვესგან" ვეღარაფერი დააშორებს. "ფიორენტინას" 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონი ევროს მიღება სურს.

გასულ კვირას "იუვემ" შესთავაზა 35 მილიონი ევრო და დეიან კულუსევსკი, მაგრამ "იისფრებმა" უარი თქვეს. "ფიორენტინას" სურს სრული თანხა ნაღდი ფულით და წინააღმდეგია გარიგებაში სხვა მოთამაშეების ჩართვის.

70 მილიონი ევრო, რასაც "ფიორენტინა" ითხოვს, არის "იუვეს" სატრანსფერო ბიუჯეტი მომდევნო ორი ფანჯრისთვის. თუ კლუბი ვლაჰოვიჩს ამ თანხაში გაიფორმებს, მაშინ გაყიდვების გარეშე ზაფხულში ახალწვეულებს ვერ შეიძენენ.

ახალგაზრდა სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "ფიორენტინაში" 24 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 20 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.