"მესის ჩრდილიდან გამოსვლა არაფერ შუაშია", - ნეიმარის მამა შვილის ბარსელონადან წასვლის შესახებ
ნეიმარის მამამ თავისი შვილის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მისი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ ლეო მესის ჩრდილიდან გამოსვლა არაფერ შუაშია.
"ჩემმა შვილმა ბარსელონა ჩემი თხოვნით არ დატოვა. ის თავის კომფორტის ზონაში იყო და მისგან გასვლა სურდა. მას არასდროს სურდა მესიზე უკეთესი ყოფილიყო.
მას არ სურდა მისი ჩრდილიდან გასვლა. სინამდვილეში, ნეიმარი მესის აღმერთებს", - თქვა ნეიმარ უფროსმა შვილის შესახებ Netflix-ის ბოლო დოკუმენტურ ფილმში.
რამდენიმე წყარო ირწმუნებოდა, რომ ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, რათა ოქროს ბურთის მოგების მეტი შანსი ჰქონოდა, თუმცა, ბრაზილიელმა საფრანგეთში არც თუ ისე კარგად ითამაშა.
"პსჟ"-ში მისი მოღვაწეობის პერიოდი სისტემატური ტრავმებით არის სავსე. 29 წლის ფეხბურთელმა პარიზში 2017 წლიდან მხოლოდ 130 მატჩი ჩაატარა და 11 შიდა ტიტული მოიგო.