ავტორიზაცია

"ეს არ იყო ნამდვილი საქართველო!" - კომენტარები 0-8 წაგების შემდეგ

"ეს არ იყო ნამდვილი საქართველო!" - კომენტარები 0-8 წაგების შემდეგ
თარიღი 30 Jan 2022, 02:41

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა.

მე-3 ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი ესპანეთთან გამანადგურებელი სხვაობით, 0-8 დამარცხა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრას დიდი დატვირთვა "ჯვაროსნებისთვის" არ ჰქონია, რადგან ჯგუფიდან გასვლა 2 ტურის შემდეგ გავინაღდეთ.

"დღეს ნამდვილი საქართველო არ იყო. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, მაგრამ პირველ ტაიმში 3 გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ძალიან ვწუხვართ ამ მძიმე მარცხის გამო, მაგრამ შედეგი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვიმსახურებთ ქებას რთული ჯგუფიდან გასვლისთვის. ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ და დავიწყოთ რუსეთზე ფიქრი, რომელიც კიდევ ერთი ძლიერი გუნდი და ტურნირის მოგების ფავორიტია.

უკვე ვესაუბრე ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს გასახდელში, რათა გამეფრთხილებინა, რომ კარგი იყო ჯგუფში ორი მატჩის მოგება, მაგრამ ამიერიდან ყოველი თამაში ისეთი რთული იქნება, როგორც ესპანეთთან გვქონდა. თუ არ გამოვავლენთ იგივე ყურადღებას, რაც პირველ ორ მატჩში გამოვიჩინეთ, შეიძლება განმეორდეს ის, რაც დღეს საღამოს მოხდა," - განაცხადა საქართველოს ნაკრების ბრაზილიელმა ფუტსალელმა ვილიანმა.

საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში 1 თებერვალს ძალიან ძლიერ, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოახერხა ასპარეზობა.