პსჟ ამ ზამთარს დემბელეს არ იყიდის — ფრანგულ მედიაში მიზეზიც განმარტეს
"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ში არ გადავა, იტყობინება ცნობილი გამოცემა Le Parisien-ი.
პარიზელები 24 წლის ფრანგის ყიდვას არ აპირებენ. უფრო მეტიც, კლუბი ამ ზამთარს ახალი ფეხბურთელების დამატებას საერთოდ არ გეგმავენ, რადგან ფიქრობენ, რომ შემადგენლობა დაკომპლექტებულია.
ამის ნაცვლად, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას რომელიმე მოთამაშის გაყიდვის იმედი აქვს, მაგალითად, მცველ ლეუვენ კურზავასი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" დემბელეს გაშვება ახლავე სურს და სეზონის დასრულებას არ ელოდება.
"ბლაუგრანამ" ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ფეხბურთელის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ამიტომაც მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა.