"მე და არველაძემ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ეს თავგადასავალი ერთად დაგვეწყო", - ჰალ სიტის პრეზიდენტი
"ჰალ სიტის" მფლობელმა, აჩუნ ილიჩალიმ თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტი და თურქი ბიზნესმენი ახლო მეგობრები არიან.
"ჩემთვის არველაძე ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ფეხბურთელის რანგში მან დიდ წარმატებას მიაღწია და სამწვრთნელო კარიერაშიც იმავეს აგრძელებს. ვიტყოდი, რომ შემტევი ფეხბურთი მომწონს.
მირჩევნია, ჰალ სიტი 3:4 დამარცხდეს, ვიდრე შეხვედრა 0:0 დასრულდეს. ძალიან გამიმართლა, რომ შოთა იმ მომენტში გამოვიჭირე, როცა თავისუფალი იყო. შეთავაზება გავუკეთე და თანხმობა განაცხადა.
თუ სწორად მახსოვს, ეს ხუთი თუ ექვსი თვის წინ იყო და გადავწყვიტეთ, ეს მოგზაურობა ერთად დაგვეწყო, სიტყვა შევასრულეთ", - საუბრობს "ვეფხვების" პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ იორკშირელთა ახალმა დამრიგებელმა თავისი ინგლისური კარიერა წარმატებით დაიწყო. 48-წლის მწვრთნელის მიერ დამოძღვრილმა "შავ-ყვითლებმა" "სუონსი" დაამარცხეს.