ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი ვალენსიას შემდეგ მატჩშიც? - ბორდალასის პასუხი
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, "ღამურების" კარში "რეალ სოსიედადთან" მატჩში სწორედ ქართველი იდგა.
"ვერ ვიტყვი, თუ ვინ ითამაშებს კოპა დელ რეიზე. მამარდაშვილი დღეს ძალიან კარგი იყო. მისი თამაშით ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მეკარეების მუშაობით კმაყოფილი ვარ.
ხუთშაბათს გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს ესპანეთის თასზე ბილბაოს წინააღმდეგ", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა "მურსელაგოსის" გოლკიპერის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 21-წლის კარის დარაჯი "ლოს ჩეს" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა პირველად 22 სექტემბრის შემდეგ. "მესტალიელთა" 28-ე ნომერი მთელი ეს დრო სკამზე იჯდა.
რაც შეეხება უშუალოდ სან სებასტიანელებთან შეხვედრას, მამარდაშვილმა მოახერხა კარის მშრალად შენახვა და რამდენიმე სეივის განხორციელება. როგორც ვხედავთ, გიოს ქამბექი წარმატებული გამოდგა.