ერიქსენი: "საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ცოლს ვუთხარი, რომ კარიერას დავასრულებდი"
"ბრენტფორდის" ახალწვეულმა, კრისტიან ერიქსენმა კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
ევრო 2020-ის ეგიდით, 2021 წლის 12 ივნისს, დანიისა და ფინეთის ნაკრებებს (0:1) შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას 29 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა. მოგვიანებით, მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს.
"საავადმყოფოს გზაზე ცოლს ვუთხარი, რომ ალბათ, კარიერას დავასრულებდი. მაგრამ ორი დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა".
"იმ და მომდევნო დღეებში გავაცნობიერე, რაც მომივიდა. შემდეგ გაჩნდა კითხვები: "შევძლებ? გამომივა თუ არა?".
"დროთა განმავლობაში გამოვჯანმრთელდი იმ მხრივ, რომ თუ სამედიცინო გამოკვლევების შედეგები ნორმალური იქნებოდა, ფეხბურთში ეტაპობრივად დავბრუნდებოდი".
"ბევრი ტესტი იყო, როგორ რეაგირებდა ჩემი გული ფიზიკურ დატვირთვაზე და საბედნიეროდ, არაფერი გამოჩნდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა".
"ყოველთვიურად შემეძლო დატვირთვის გაზრდა, შემდეგ კი თამაშის დაწყება", - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს The Guardian-ი.