კვარაცხელიამ რუბინის შემადგენლობაში ტრავმა მიიღო
ყაზანის "რუბინმა" თურქეთში შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. სამარის "კრილია სოვეტოვთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითადში დაიწყო.
სამწუხაროდ, ქართველი გარემარბი პირველივე ტაიმში შეცვალეს. საქმე ისაა, რომ რუსული გუნდის ვინგერმა 38-ე წუთზე კონტრშეტევის დროს დისკომფორტი იგრძნო და მოედნიდან გაყვანა მოითხოვა.
22-წლის ფლანგელის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, "წითელ-მწვანეებმა" "ფრთები" თავიანთი 21-ე ნომრის გარეშე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს.
რუსეთის ჩემპიონატი განახლდება 28 თებერვალს, ლეონიდ სლუცკის გუნდის პირველი მოწინააღმდეგე კი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" იქნება, რომელიც ლიგის ლიდერია.
აქვე დავამატებთ, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში გატანილი ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. როგორც ვხედავთ, ქართველი "რუბინიდან" კვლავ არ წასულა.