"ეს არის ტყუილი და უმადურობა!" - ბათუმის დინამოს პრეზიდენტი გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს
ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბში არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დიდი ტყუილი უწოდა.
GOAL.GE-ს კლუბიდან მოაწოდეს ინფორმაცია, რომ აკადემიაში ვარჯიშები ფინანსური დავალიანების გამო გაჩერებული იყო. ასევე, ბათუმის დინამოს კიბერსპორტის წარმომადგენელი გუნდს კონტრაქტის პირობების დარღვევაში სდებდა ბრალს.
ბათუმის დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს GOAL.GE ესაუბრა და ამ თემასთან დაკავშირებით მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
"ვნახე თქვენი სტატია ბრალდებებთან დაკავშირებით და თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ეს უდიდესი ტყუილია. უფრო მეტიც, რომ იტყვიან ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ეს ფრაზა შეესაბამება ამ სიტუაციას.
ამის გადამოწმება და სიმართლის დამტკიცება ძალიან მარტივია: ხვალ ოფიციალურად გამოვითხოვ კლუბის ფინანსური სამსახურისგან ხელფასების დოკუმენტს და ისინი მოგაწვდიან სიმართლეს, ეს ყველაფერი კი საჯარო უნდა გახადოთ! 4.5 წელია ბათუმის დინამოში ვარ და აკადემიაში არის მხოლოდ 3 თვის დავალიანება 2020 წლის შემდეგ. ესეც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა პანდემია დაიწყო და თვეობით ვარჯიშები გაჩერებული იყო. შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად ყველაფერი გასწორდებოდა. ბოლო 7 თვის განმავლობაში კი ყველა თანამშრომელმა მიიღო ხელფასი. ბათუმის დინამოს ბიუჯეტი საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდია, დინამო თბილისთან ერთად და აქ არ ვსაუბრობთ დაბალ თანხებზე.
ცოტა უხერხულია და თანაც, უმადურობის გრძნობა გეუფლება, როდესაც ამ საქმეში მთელი გულით და სულით ხარ ჩართული და ვიღაც ასეთ რაღაცებს იგონებს. ხვალ ჩემი კატეგორიული მოთხოვნით აკადემიის ყველა სახელფასო დოკუმენტი გასაჯაროვდება.
მინდა ერთი რამ აღვნიშნო: სანამ ჩვენ გუნდში მოვიდოდით, ბათუმის დინამოს ბავშვთა საფეხბურთო სკოლას მერია სოლიდური თანხით ეხმარებოდა, სადაც 200 ბავშვი იყო, თუმცა კლუბს 1 მოედანიც კი არ ჰქონდა! ბავშვები ქუჩაში, ბეტონზე ვარჯიშობდნენ. მოვედით, გაკეთდა ბაზაზე მინდვრები და დღეს 200-ის ნაცვლად 1400 ბავშვია აკადემიაში და ეს კიდევ ზღვაში წვეთია, რაც გვინდა გავაკეთოთ გუნდში და ყველაფერი აუცილებლად გაკეთდება," - განაცხადა აჩი ბერიძემ.
ბათუმის დინამოსადმი ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტია კიბერსპორტსმენმა ზუკო ჯიბლაძემაც გამოთქვა, რომელმაც GOAL.GE-ს განუცხადა, რომ აჭარული გუნდი არღვევდა ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნულ საკითხზეც ვისაუბრეთ არჩილ ბერიძესთან და მან აღნიშნული სიტუაციაც ძალიან მკაფიოდ ახსნა.
"ადამიანურად რა დახმარებაც შეიძლება, ამ ადამიანს გვერდით დავუდექით. მგონია, რომ უდიდესი პრესტიჟია, მას მივეცით საქართველოს ჩემპიონის სახელით თამაშის უფლება. პირველად გავიგე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა იყო, დილით გავივლი ამ საკითხს და ამაზეც მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას. დინამო ბათუმის სახელით გამოდის, საქართველოს ჩემპიონით და ცოტა უხერხულია...," - გვითხრა ბათუმელთა გუნდის პრეზიდენტმა.
არჩილ ბერიძესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა, რომელიც შემდეგნაირად დასრულდა: "კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ 4.5 წელია ამ გუნდში ვარ და მხოლოდ 3 თვის დავალიანება იყო 2020 წლიდან მოყოლებული, რომელიც პანდემიას უკავშირდება.
რაც შეეხება ხელფასებს, არ ვგულისხმობ 3-4-დღიან გადაცილებებს, რომელზეც ჩვენი ფინანსური სამსახური ყველა წევრს უხდიდა ბოდიშს. ფინანსურად ჩვენს გუნდში ყველაფერი რიგზეა და მინდა ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: ბათუმის დინამო ზოგისთვის იყო ადგილი, სადაც მოდიოდნენ, მოვალეობას ასრულებდნენ და იღებდნენ ხელფასებს, ზოგისთვის კი ეს გუნდი მთელი ცხოვრება და აზრია. არავის მივცემთ უფლებას, ამდენი შრომა და უძილო ღამე ასეთ ტყუილ და უსაფუძვლო ბრალდებებს გავატანოთ".
არჩილ ბერიძე და მისი კომპანია ბათუმის დინამოში 2018 წლიდანაა. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გახდა კლუბი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად.