ავტორიზაცია

"გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა!" - რომან ფიფიამ დინამო თბილისის ქომაგს მიმართა

"გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა!" - რომან ფიფიამ დინამო თბილისის ქომაგს მიმართა
თარიღი 22 თებ 2022, 15:44

25 თებერვალს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი დაიწყება. პირველ ტურში დინამო თბილისი პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატის დაწყებამდე დინამო თბილისის გულშემატკივრებს კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიმართა.

"25 თებერვალს ჩვენი გუნდი მორიგ საფეხბურთო სეზონს გახსნის. სიმბოლურია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღდეგ გასამართი მატჩით ვიწყებთ. დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას და ზოგადად 2022 წლის სეზონს. მსურს, წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს, დაწყებული პირველი გუნდიდან, დამთავრებული ჩვენი აკადემიით, რომელიც ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენია. პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი დინამოს ძირითად ბირთვს, სწორედ აკადემიელები წარმოადგენენ.​

გამახარა შეკრებაზე ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სტაფის საქმისადმი დამოკიდებულებამ. აქვე მსურს წარმატებული სეზონის ვუსურვო ჩვენი გუნდის ყველა ახალწვეულსა და ლეგიონერს. ისეთ კლუბში თამაში როგორიც დინამო თბილისია უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ ახალი ფეხბურთელები საქმეს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. 

კლუბში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შევძელით, რომ ყველა მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარი საქმის პროფესიონალებმა აიღეს. მსურს ახალ სეზონში თითოეულ მათგანს დინამოსთან ერთად უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კლუბში პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად ვიღებთ. დარწმუნებული ვარ ასეთი მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. 

გასულ სეზონებში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო ჩვენი გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორი მუშაობით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქომაგებს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც მათ ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ჩუქნიდა. მომავალი სეზონისთვის კონკრეტული დაპირებების გაცემა არ მსურს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი სწორი მუშაობით და სტადიონზე ნაჩვენები შედეგით უნდა გადმოვცეთ," - განაცხადა რომან ფიფიამ.

კახა ცხადაძის გუნდს ეროვნული ლიგის სტარტზე რთული მატჩები ელის. ტორპედოს შემდეგ თბილისური გუნდი 4 მარტს ბათუმში, ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება.