არველაძე: "საქართველოს, უკრაინასა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს კვლავ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის"
"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ The Sun-თან საუბარში გაიხსენა საბჭოთა კავშირის დაშლა და აღნიშნა, თუ რა შეიცვალა იმის შემდეგ სამყაროში.
"საქართველოში დღესაც დაძაბულობაა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს კი ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო ამ რთულ დროს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს.
ახლა რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს, უამრავი ადამიანი და ოჯახი ნადგურდება. ვხედავთ, გარდაცვლილ ბავშვებს და მათი მშობლების ცრემლიან თვალებს, მათ ყველაფერი დაკარგეს.
1991 წელს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაგრამ მას შემდეგ არაერთი კონფლიქტი გამოვიარეთ. ანალოგიური რამ ხდება უკრაინაშიც. სამწუხაროდ, საქართველოს, უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს კვლავ ბრძოლა უწევთ.
ომი ნებისმიერ ქვეყანაში მიუღებელია, ეს არ უნდა ხდებოდეს. რატომ უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც კარგად არ ვიყავით? ჩემთვის ეს საკითხი სენსიტიურია, რადგან ჩემი ქვეყნის დიდი ისტორიით ვამაყობ.
1990 წელს, საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ დამოუკიდებელობა დავიბრუნეთ, რამაც საკუთარი იდენტობა მოგვცა. ქართული ენა და დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია, სრულიად უნიკალურია.
მაშინ როცა საფრანგეთს ღვინის მხოლოდ ცხრა სახეობა აქვს, ჩემს ქვეყანაში 55 სხვადასხვა ჯიშის ღვინოა. საქართველოში ღვინო პირველად 8 ათასი წლის წინ დამზადდა. ამ კუთხით საქართველო მოწინავეთა შორისაა", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.