ავტორიზაცია

"დიდი ალბათობით, პოლონურ და შვედურ სცენარს გავყვებით", - რუსეთს ბოიკოტს მორიგი ნაკრები უცხადებს

"დიდი ალბათობით, პოლონურ და შვედურ სცენარს გავყვებით", - რუსეთს ბოიკოტს მორიგი ნაკრები უცხადებს
თარიღი 27 თებ 2022, 15:11

ჩეხეთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარის თქმას არ გამორიცხავს.

მოგეხსენებათ, ნახევარფინალური შეხვედრები 24 მარტს გაიმართება, სადაც რუსეთი პოლონეთს უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო ჩეხეთი შვედეთს. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 29 მარტისთვისაა დაგეგმილი. რუსეთს ორივე მატჩი მოსკოვში უნდა გაემართა.

მიუხედავად ამისა, რუსებთან თამაშზე უარი ჯერ პოლონელებმა თქვეს, შემდეგ კი შვედებმა. ჩეხები კონტაქტში არიან ამ ქვეყნების საფეხბურთო ლიდერებთან, აგრეთვე ფიფასთან და უეფასთან.

ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციამ (FAČR) უკრაინაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა. ჩეხები მომხდარს გმობენ და იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

"ვაცნობიერებთ ბოლო დღეებში შექმნილ უპრეცენდენტო სიტუაციას, რომელსაც უმეტესი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენდა".

"ასეთ ვითარებაში მატჩის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია და დიდი ალბათობით, პოლონურ და შვედურ სცენარს გავყვებით, მაგრამ პროცედურული ნაბიჯებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია", - განაცხადა ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, პეტრ ფოუსეკმა.

როგორც აღინიშნება, გადაწყვეტილებას FAČR-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე უახლოეს საათებში მიიღებენ.