"უკრაინაში შექმნილი ვითარება შემზარავი და დამანგრეველია", - ჩელსი რუსეთის აგრესიას ეხმაურება
საფეხბურთო კლუბი ლონდონის "ჩელსი" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
"უკრაინაში არსებული ვითარება შემზარავი და დამანგრეველია. "ჩელსის" ფიქრები ყველა იმ ადამიანს უკავშირდება, ვინც უკრაინაში იმყოფება. კლუბში ყველა მშვიდობისთვის ლოცულობს", - ნათქვამია "არისტოკრატთა" განცხადებაში.
მოგეხსენებათ, "ჩელსის" მფლობელი რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩია, რომელმაც გუშინ კლუბის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა.
მიუხედავად ამისა, აბრამოვიჩი კლუბის შესაძლო გაყიდვაზე ჯერ განცხადებას არ აკეთებს და ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველობის ვალდებულება ჩაიხსნა და კლუბს დროებით დირექტორთა საბჭო გაუძღვება.
მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მეოთხე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.
აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.