აბრამოვიჩს პრობლემები ექმნება — ჩელსის ფონდის რწმუნებულები კლუბის მართვას ჯერ არ დათანხმებულან

შესაძლოა, რომან აბრამოვიჩს "ჩელსის" მმართველობის საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემა გაუჭირდეს.
მოგეხსენებათ, აქამდე, ლონდონური კლუბის მფლობელმა განაცხადა, რომ "ჩელსის" მმართველობა კლუბის საქველმოქმედო ფონდს გადასცა.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, რწმუნებულებს თანხმობა ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ. აბრამოვიჩის გეგმის შესახებ მხოლოდ განცხადების დღეს შეიტყვეს.
ამ იდეასთან დაკავშირებით, ფონდის რწმუნებულებს სერიოზული კითხვები აქვთ. არსებობს ეჭვი, შეესაბამება თუ არა საფეხბურთო კლუბის მმართველობა ქველმოქმედების კანონს და საჭიროა თუ არა ამისათვის ახალი ორგანიზაციის შექმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, რწმუნებულებს არ სურთ, რომ აბრამოვიჩის დამცავი ფარი იყვნენ ან ასეთად მოიხსენიონ.
კლუბის მენეჯმენტის გადაცემის დაანონსების შემდეგ, ფონდის რწმუნებულებმა ერთმანეთში მოლაპარაკებები გამართეს, ახლა ამ საკითხით იურისტები არიან დაკავებულნი.