არველაძემ საქართველო-რუსეთის ომი გაიხსენა: "2008 წელს, ჩემს ქვეყანაში იგივე ხდებოდა"
"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ Hull Live-თან საუბარში უკრაინაში არსებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველმა სპეციალისტმა უკრაინას მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა.
"აუცილებლად მინდა ვთქვა, უკრაინის გამო თუ როგორ ვნერვიულობ, რადგან უკრაინელი ხალხი მიყვარს. მათ ქართველებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და მინდა მათ მშვიდობა ვუსურვო.
უკრაინელი ხალხი ჩემს გულშია, ღმერთმა დალოცოს ისინი. ყველა ქართველი მხარს უკრაინას უჭერს. 2008 წელს, ჩემს ქვეყანაში ზუსტად იგივე სცენარი იყო. ყველაფრის გამეორება ხდება.
მთელი მსოფლიოს გასაგონად ვყვიროდით, რომ ყველაფერი იქ არ დასრულდებოდა და ამას შედეგები აუცილებლად ექნებოდა. ისტორიის მანძილზე, უკრაინა ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ვუყვარდით და რომლებიც გვიყვარდა.
ასე რომ, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით. ყველას ჯანმრთელობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. ომი არ გვინდა და მათ გამო გული ძალიან გვტკივა. უკრაინას გამარჯვებასა და ყველაფრის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას ვუსურვებთ.
იმედი მაქვს, ისინი მშვიდობასა და ნორმალურ ცხოვრებას მალე დაიბრუნებენ. მათთვის ვლოცულობთ, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა", - განაცხადა "ვეფხვების" დამრიგებელმა.