"ფიფა და უეფა პოლიტიკურ პროვოკაციას აწარმოებენ", - ანზორ კავაზაშვილი, ქართველი, რომელიც რუსეთს ემხრობა
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ისაუბრა იმ სანქციების შესახებ, რომლის დაწესებას ფიფა და უეფა ახლო მომავალში რუსეთის მიმართებაში გეგმავენ.
"ფიფა და უეფა პოლიტიკური კი არა, მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის ორგანიზაციებია. მათ არ აქვთ უფლება, პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება მიიღონ.
მათი გადაწყვეტილება ნამდვილი საზიზღრობაა. ფეხბურთელები და ხალხი ამ შემთხვევაში ომთან კავშირში არ არიან. რისთვის სჯიან? ევროკავშირმა აშშ-ს კარნახით უკვე შემოიღო ცალკეული პირების მიმართ სანქციები.
მე მესმის, როდესაც ოლიმპიური კომიტეტი დაისაჯა ვითომ დოპინგის გამო, მაგრამ ის ვერდიქტი სწორედ დოპინგის სკანდალის გამო იქნა მიღებული. ახლა კი სპორტსმენებს უკრაინაში სიტუაციის გამო სჯიან.
ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილი პოლიტიკური პროვოკაციაა. ვთვლი, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს პროტესტით.
ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა წარმოშობით ქართველმა ყოფილმა გოლკიპერმა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში გაატარა.