BREAKING: აბრამოვიჩს ამ კვირაში ჩელსის გაყიდვას შესთავაზებენ და დიდი შანსია, დათანხმდეს

"ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს ამ კვირაში ლონდონური კლუბის გაყიდვას შესთავაზებენ, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეძენით მინიმუმ სამი პოტენციური მყიდველია დაინტერესებული, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესმენმა შესაძლოა წინადადებები განიხილოს.
აბრამოვიჩმა შეთავაზება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს. არ არის გამორიცხული, რუსი მილიარდერი კლუბის გაყიდვის ვარიანტზე პირველად დაფიქრდეს სერიოზულად, რადგან სანქციების საფრთხის წინაშე დგას.
აქამდე, როგორც "ჩელსის" ხელმძღვანელობა აცხადებდა, კლუბი არ იყიდება, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და აბრამოვიჩს შეიძლება არჩევანი არ დარჩეს.
ლონდონური კლუბის გაყიდვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ აბრამოვიჩს ამ კვირის ბოლომდე სანქციებს დააკისრებენ, მყიდველებს მოუწევთ დაელოდონ იმის გარკვევას, შეძლებენ თუ არა ბიზნესმენთან ან მის წარმომადგენლებთან გარიგების თავისუფლად განხორციელებას.
აბრამოვიჩმა გარკვეული პერიოდის წინ ერთი მიმზიდველი წინადადება უკვე იუარა - მას "ჩელსის" სანაცვლოდ 2,2 მილიარდ ფუნტს სთავაზობდნენ.