ლიანა ჯოჯუას შემდეგ, UFC კიდევ ერთმა ქართველმა დატოვა

UFC-იმ ზვიად ლაზიშვილი გაათავისუფლა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართველი მებრძოლის დისკვალიფიკაციას უკავშირდება.
იანვარში 31-წლის მებრძოლმა ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჯონატან მარტინესთან გამართულ ჩხუბამდე ჩატარებულმა ტესტმა ლაზიშვილის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინა.
ნევადის სპორტულ კომისიას რადიკალური ზომების მიღება მოუწია. დისკვალიფიკაცია იმ დღიდან დაიწყო, როცა ქართველ მებრძოლს ტესტი ჩაუტარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ლას-ვეგასში ბრძოლის გამართვა 24 ივლისამდე არ შეეძლო.
ხუთი დღის შემდეგ, ზვიადს დისკვალიფიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ანტი-დოპინგის სააგენტომაც მისცა და 10 თვით დასაჯა. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს UFC ლიანა ჯოჯუამაც დატოვა.