ახალი დეტალები — ჰოლანდის შესაძენად, ბარსელონამ რაიოლას კიდევ ერთი კლიენტის ტრანსფერი უნდა გაჩარხოს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდება სურს.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" ბოსები ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის აგენტ მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ.
როგორც ამ შეხვედრების დროს გაირკვა, ბორუსიელთა ფორვარდის ტრანსფერის გასაჩარხად, "ბლაუგრანას" რაიოლას კიდევ ერთი კლიენტის დამატება მოუწევს - საუბარია "აიაქსის" მცველ ნუსაირ მაზრაუიზე, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის მაროკოელ უკანახაზელს ამსტერდამულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის იდეის მომხრეა. 42 წლის სპეციალისტის აზრით, კლუბისთვის ერლინგის დამატება შესაძლოა ისეთივე ძლიერი იმპულსი იყოს, როგორც 2003 წელს რონალდინიოს ყიდვა.
ხავი ჰოლანდს მიუნხენში შეხვდა, რათა ეს უკანასკნელი "ბარსაში" გადასვლაში დაერწმუნებინა. არსებული ცნობით, მწვრთნელი ყველა იმ ფეხბურთელს ეკონტაქტება, რომლითაც კატალონიელები ინტერესდებიან. ასე იყო ფერან ტორესის, დანი ალვეშისა და ადამა ტრაორეს შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც მომავალ ზაფხულს მისი შეძენა ნებისმიერ მსურველ კლუბს 75 მილიონ ევროდ შეეძლება.