კვლავ მაღალი სიცხე აქვს - მამარდაშვილი გრანადასთან მატჩს გამოტოვებს
ლა ლიგის 27-ე ტურში ვალენსიას გრანადას წინააღმდეგ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვერ დაეხმარება.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს მე-2 დღეა მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი აწუხებს. 21 წლის ქართველმა მეკარემ კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია. გუნდის ექიმის ვარაუდით, საქმეა ანგინასთან.
გიორგი მამარდაშვილმა უკანასკნელად ვალენსიას მაისურით რამდენიმე დღის წინ კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ითამაშა, სადაც შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა და გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც "ღამურები" 23 აპრილს ბეტისის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ვალენსიამ მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან დაიმატა, დეკემბერში კი 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პირველივე სეზონში ქართველ მეკარეს მთავარი მწვრთნელისგან უდიდესი ნდობა აქვს.