პსჟ ნეიმარის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს - ცნობილია სავარაუდო თანხაც
ნეიმარმა შესაძლოა ზაფხულში "პსჟ" დატოვოს. ფრანგი ჟურნალისტის, რომენ მოლინას თქმით, ყატარის ემირი, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი, რომელიც პსჟ-ს ფლობს, დაიღალა ბრაზილიელთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემებით.
ნეიმარის მამას ცუდი ურთიერთობა აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, ფეხბურთელი კი მუდმივად არის დაშავებული. შეგახსენებთ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგას მადრიდის "რეალმა" მერვედფინალში გამოთიშა.
ეს უკვე მეხუთე სეზონია ნეიმარით შემადგენლობაში, რომლითაც გუნდი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებს. "პსჟ"-ს შეუძლია ზაფხულში გაყიდოს 30 წლის თავდამსხმელი.
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ "ბარსელონასთვის" მის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნაწილი მაინც მიიღოს. ნეიმარი იმ კლუბში გაიყიდება, რომელიც ყველაზე დიდ შეთავაზებას გააკეთებს.
"პსჟ"-ს ესმის, რომ 2017 წელს კლუბის მიერ დაბანდებულ 222 მილიონ ევროს არავინ გადაიხდის, მაგრამ ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე თანხის მიღება მათ მაინც სურთ.