მიზეზი, რის გამოც ბარსელონა დანი ალვეშთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას გუნდის მარჯვენა მცველის, დანი ალვეშის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი 38 წლის ბრაზილიელს კონტრაქტს 2023 წლამდე გაუხანგრძლივებს.
თუმცა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსებმა აღნიშნული საკითხის განხილვა სეზონის ბოლომდე გადადეს.
"ბარსა" ზაფხულში მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს, კლუბის ინტერესთა სფეროში სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი") და ნუსაირ მაზრაუი ("აიაქსი") არიან მოხვედრილნი.
ამავდროულად, არსებობს სერჟინიო დესტის დარჩენის ალბათობაც. ამიტომაც, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ "ბარსას" აღნიშნულ პოზიციაზე ზედმეტად ბევრი ფეხბურთელი ჰყავდეს.
მოგეხსენებათ, ალვეში "ბლაუგრანაში" გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა, ყველა ტურნირზე ერთად მან უკვე 7 მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთი გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.