ავტორიზაცია

დამღლელი საპნის ოპერა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება - მბაპეს ტრანსფერის ქრონოლოგია

დამღლელი საპნის ოპერა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება - მბაპეს ტრანსფერის ქრონოლოგია
თარიღი 04 აპრ 2022, 22:24

საფრანგეთში, როგორც ჩანს, კილიან მბაპეს საგაში კიდევ ერთი შემოტრიალება იგეგმება. ფან-მედია France Bleu Paris დარწმუნებულია, რომ „პსჟ-სთან“ ახალი კონტრაქტის სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა და ახლა გახანგრძლივება სრულიად რეალურად გამოიყურება.

მხარეებს შორის ოპტიმიზმმა დაისადგურა და შესაძლოა, მათ მართლაც მოილაპარაკონ. მეტიც, იწერება, რომ „პსჟ“ კილიანს კაპიტნობასაც უპირებს - რათა თავის პოზიციას ხაზი გაუსვას და დარჩენაში დაარწმუნოს.

„შეიძლება თუ არა დავრჩე? კი, რა თქმა უნდა“, - თქვა მბაპემ „ლორიანთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლების დუბლს ასისტების ჰეთ-ტრიკი მიითვალა და დაამატა, რომ მომავალი ჯერ არ გადაუწყვეტია.

გთავაზობთ ერთ წელიწადში მომხდარ ცვლილებებს:

2021 წლის 1 აპრილი: Le Parisien პირველად წერს, რომ მბაპეს და „პსჟ-ს“ შორის მოლაპარაკებებში პრობლემა წარმოიშვა და დაუშვა, რომ 120-150 მილიონის შემოთავაზების შემთხვევაში, პარიზელებმა ის შესაძლოა გაყიდონ, რათა ერთ წელიწადში უფასოდ არ დაკარგონ.

2021 წლის 25 ივნისი: „რეალი“ მბაპეს შეძენას ამ ზაფხულს არ შეეცდება, რადგან ის ძალიან ძვირი ღირს და ასევე, კლუბი ვერ მოახერხებს მას ისეთივე ხელფასის შეთავაზებას, როგორსაც „პსჟ“ უკეთებს.

2021 წლის 1 ივლისი: მბაპემ ევროს შემდეგ შვებულებაში წასვლის წინ „პსჟ-ს“ შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და „რეალში“ სურს წასვლა.

2021 წლის 26 აგვისტო: კილიანმა გუნდიდან წასვლის სურვილი პარიზული კლუბის ფეხბურთელებსაც გამოუთქვა და დიდი ალბათობით, გუნდს დედლაინამდე დატოვებს.

2021 წლის 31 აგვისტო: მბაპე „რეალში“ ამ ზაფხულს არ გადავა, მაგრამ მომდევნო წლის ტრანსფერზე უკვე მოილაპარაკა და ზამთარში წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს. მან „პსჟ-ს“ კვლავ უთხრა, რომ ახალი კონტრაქტით დაინტერესებული არ არის. „რეალი“ 200-220 მილიონს ჩამოდიოდა, თუმცა ამან „პსჟ“ ვერ დააკმაყოფილა.

2021 წლის 26 ოქტომბერი: მბაპემ „რეალში“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა და აზრი შესაძლოა მხოლოდ წარმოუდგენელი მოვლენების შემთხვევაშ შეიცვალოს. მისი კონტრაქტი უკვე არსებობს, თუმცა ხელს თებერვალზე ადრე არ მოაწერს.

2022 წლის 25 იანვარი: კილიანს თავის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საბოლოო პასუხს ორივე კლუბს „რეალისა“ და „პსჟ-ს“ მერვედფინალური დაპირისპირების შემდეგ შეატყობინებს.

2022 წლის 8 მარტი: „პსჟ-მ“ მბაპეს ახალი შეთავაზება გაუკეთა - წლიურად 100 მლნ ევრო, „რეალი“ მას ვერ გაიმეორებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ კილიანს კლუბის ისტორიით და მიზნებით მიიზიდავს.

2022 წლის 12 მარტი: მბაპე „რეალთან“ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს - მოლაპარაკებების ინტენსივობამ იმატა, ხელფასი 25 მლნ ევრო იქნება, მაგრამ კლუბი მას დიდ ბონუსს გადაუხდის (60-80 მლნ ევრო)

2022 წლის 27 მარტი: ესპანელი სპორტული იურისტი ვისენტე მონტესი, რომელიც პერესს ფიგუს „ბარსადან“ „რეალში“ გადაყვანაში ეხმარებოდა: „მზად ვარ ყველაფრით დავდო ფსონი, რომ პერესს მბაპე უკვე გაფორმებული ჰყავს.“ 

2022 წლის 4 აპრილი: „პსჟ“ მბაპეს კონტრაქტის თაობაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი, გახანგრძლივება რეალურზე მაღალიც კია.“ 

გაგრძელება კიდევ იქნება...