ლეონარდო: "პსჟ ნავასით კმაყოფილი იყო, მაგრამ დონარუმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაემატებინა"
"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გუნდის გოლკიპერებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
"თავიდანვე ყველაფერი ნათელია. შესანიშნავად მოთამაშე კეილორ ნავასი გვყავდა და ძალიან კმაყოფილები ვიყავით მისით, მაგრამ დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა, ამიტომაც ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგვეჩარხა, მიუხედავად ნავასის ყოლისა".
"ვცდილობდით ორივე მეკარისთვის მიგვეცა სათამაშო რიტმის დაჭერის შესაძლებლობა. კარგად ესმით სიტუაცია. გადაწყვეტილების მიღება არ გაგვიჭირდება, როცა დრო მოვა. ვარიანტები არის", - ციტირებს პარიზელთა ფუნქციონერის სიტყვებს Sky Sport Italia.
მოგეხსენებათ, დონარუმა "პარი სენ ჟერმენს" გასულ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის იტალიელმა პარიზელთა კარი 22 შეხვედრაში დაიცვა და 20 გოლი გაუშვა, ხოლო 35 წლის კოსტარიკელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22-ჯერ გაუტანეს.